რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ასტროლოგები გირჩევენ, რომ დღევანდელ მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდეთ. სწორედ დღეს შეძლებთ იმ მიზეზების დანახვას, რომლებმაც თქვენს პირად ცხოვრებაში სირთულეები გამოიწვია. თუ ჯერ კიდევ სიყვარულს ეძებთ, ურთიერთობის დამყარების უნარი ძალიან გამოგადგებათ. ეს დღე ემოციების გიჟური ფეიერვერკით ვერ გაგაოცებთ, თუმცა არც ნერვიულობის მიზეზი გექნებათ. თუ მოახერხებთ, ცოტა დრო დასვენებასა და განტვირთვას დაუთმეთ — ეს ახლა ყველაზე მეტად წაგადგებათ. მოერიდეთ ძვირად
ღირებული ნივთების შეძენას — შესაძლოა, ფული ბრენდულის ნაცვლად უხარისხო საქონელში გადაიხადოთ. ამ დღეს ცდუნებებთან ბრძოლა მოგიწევთ. მოსალოდნელია მოვლენა, რომელიც თქვენს საქმეებსა თუ ფიზიკურ მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის. საღამო მთლიანად საკუთარ თავს, ჯანმრთელობასა და გარეგნობას დაუთმეთ.
კურო
ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ და ემოციებს უფლება არ მისცეთ საღი აზრი გადაფარონ. დაოჯახებულებს ცოტა ხნით ერთმანეთისგან დასვენება და განმარტოება სჭირდებათ — ეს თქვენს ურთიერთობას მხოლოდ წაადგება. შესაძლოა, რუტინულმა სამუშაომ დაგღალათ და ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები გწყურიათ, თუმცა, ჯერ ეცადეთ საკუთარ თავში გაერკვეთ და პრიორიტეტები სწორად დაალაგოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას — ამ დღეს შინაგანი ხმა პირდაპირ მიზნისკენ გაგიძღვებათ! თუ რომელიმე დაავადების სიმპტომმა თავი იჩინა, ეს გაფრთხილებად მიიღეთ და დაფიქრდით, რა უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესში.
ტყუპები
ასტროლოგიური პროგნოზი ვარაუდობს, რომ მარტოხელა ტყუპებს პირადი ცხოვრების მოწესრიგების შანსი ეძლევათ. გახსოვდეთ, ბედნიერების ხელიდან გაშვება გაცილებით ადვილია, ვიდრე მისი პოვნა, ასე რომ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ! გვერდით მყოფ ახლობლებს მეტი ყურადღება დაუთმეთ. ეგოიზმი დაივიწყეთ და ნუ ეცდებით, ყველგან და ყოველთვის პირველ ადგილზე საკუთარი თავი დააყენოთ. ხელმძღვანელი თქვენს ახალ იდეებს აღფრთოვანებით შეხვდება — დასახულ მიზნამდე სულ რამდენიმე ნაბიჯი დაგრჩათ! უფროსი ნათესავების დახმარებით ნებისმიერ ფინანსურ პრობლემას ადვილად მოაგვარებთ. ზოგიერთი თქვენგანი ბოლოს და ბოლოს მიხვდება, როგორ გაზარდოს შემოსავლები ან არსებული სახსრები გონივრულად როგორ განკარგოს. მოერიდეთ ნერვიულობას, რადგან დღეს განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ.
კირჩხიბი
ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ დღევანდელი დღე გამორჩეული იქნება. თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, საინტერესო ადამიანის გაცნობის შანსი გექნებათ. მთავარია, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ — ხშირად ეწვიეთ სტუმრად, სტუმრები მოიწვიეთ, გაერთეთ და იმხიარულეთ. მზად იყავით, რომ ახლობლებს გვერდით დაუდგეთ და დაეხმაროთ — ამით შეძლებთ, რომ ოჯახში თბილი და მეგობრული ატმოსფერო შექმნათ. საქმე, რომელზეც ბოლო დროს დაუღალავად შრომობდით, სულ მალე პირველ ნაყოფს გამოიღებს! ფინანსური მდგომარეობა თანდათან მოწესრიგდება და ხელსაყრელი ხელშეკრულების დადების შანსიც გაგიჩნდებათ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ხშირად გაანიავეთ ოთახები, სუფთა ჰაერზე ისეირნეთ და მარტივი ვარჯიშები შეასრულეთ.
ლომი
გამოძებნეთ შესაძლებლობა, რომ დრო განმარტოებით გაატაროთ და საყვარელ ადამიანს საკუთარი ფიქრები გაუზიაროთ — ეს საოცრად დაგაახლოებთ. დღეს მშვენიერი დღეა რემონტის დაწყების ან სახლში გარემოს განახლებისთვის. თქვენს ნიშანს აქტიური მერკური მფარველობს. გახსოვდეთ, ყველა, ვინც სიმართლეს პირში გეუბნებათ, თქვენი მტერი როდია. პირიქით, არაკეთილმოსურნეები უფრო პირფერობისკენ არიან მიდრეკილნი, რათა ამით პირადი სარგებელი ნახონ. გარემოებები თქვენს სასარგებლოდ ლაგდება, ამიტომ ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ! ყური დაუგდეთ საკუთარ სურვილებს — თუ რაიმე ეგზოტიკურის დაგემოვნება მოგინდათ, ამ სიამოვნებაზე უარს ნუ იტყვით.
ქალწული
სულ მალე საყვარელ ადამიანთან ხანმოკლე განშორება მოგიწევთ. ზოგი ქალწულის ოჯახურ ურთიერთობებში პრობლემები მომწიფდა და სასწრაფო გადაჭრას ითხოვს. წარმატების მიღწევას აუცილებლად შეძლებთ, რადგან მკაფიო გეგმა გაქვთ და მისი განხორციელებისთვის საჭირო ყველა რესურსი, თუმცა, თავდაუზოგავი შრომა მაინც მოგიწევთ. ძალები მოიკრიბეთ და მოემზადეთ მოქმედებისთვის! თუ გრძნობთ, რომ არაფერი გამოგდით და ხელიდან ყველაფერი გივარდებათ, ცოტა ხნით დაისვენეთ, შემდეგ კი საქმეს ზუსტად იმ ადგილიდან დაუბრუნდით, სადაც შეჩერდით. თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება ორგანიზმს ავნოს, განსაკუთრებით კი ალკოჰოლისგან. ასევე ერიდეთ ნერვულ დაძაბულობას, უსიამოვნო დავებსა და ჭორაობას.
სასწორი
სასიყვარულო ურთიერთობებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც შეიძლება მალე ინანოთ. ინტერიერის შეცვლა ან ავეჯის გადაადგილება შესანიშნავი იდეა იქნება! ფენ-შუის მოძღვრების თანახმად, თუ ინტერიერს დიდხანს არ შეცვლით, სივრცეში უარყოფითი ენერგია დაგროვდება. გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს მომავალში ჩანაფიქრის განხორციელება შეძლოთ, თუმცა პარტნიორებთან ან ხელმძღვანელობასთან გაუგებრობების ალბათობაც არსებობს. ამ დღეს საკუთარი შემოსავლებით ნუ იტრაბახებთ და ნურც ფულს გაასესხებთ, რომ თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ კომერციულ ოპერაციებში და მაცდურ შეთავაზებებს ნუ ენდობით. ძილის წინ კალორიული კერძების მიღებისგან თავი შეიკავეთ. საღამოს, სუფთა ჰაერზე სეირნობა თქვენს მდგომარეობაზე დადებითად აისახება.
მორიელი
მარტოხელა მორიელებს სიყვარულის პოვნის დიდი შანსი აქვთ, თუმცა ამისთვის სახლიდან გასვლა და ურთიერთობებია საჭირო. სახლში ავეჯის გადაადგილების დროა — ფენ-შუის მოძღვრება გვირჩევს ინტერიერი პერიოდულად განვაახლოთ, რათა დამანგრეველი ენერგია არ დაგროვდეს. ძველი შეხედულებების შეცვლისა და ჩარჩოებიდან გამოსვლის ნუ შეგეშინდებათ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ იაფად შეიძინოთ ნივთი, რომელზედაც დიდი ხანია ოცნებობთ! უახლოეს მომავალში ფინანსური მდგომარეობაც გაცილებით სტაბილური გახდება. ემოციები აკონტროლეთ, კონფლიქტებსა და სტრესს მოერიდეთ. სუნთქვითი და სარელაქსაციო ვარჯიშები შინაგანი წონასწორობისა და სულიერი სიმშვიდის აღდგენაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
ვენერას გადაჭარბებული აქტიურობა რომანტიკულ შეხვედრებსა და თავდავიწყებას გპირდებათ. გირჩევთ სახლი სტუმრების მისაღებად მოამზადოთ — ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეთ და დარწმუნდით, რომ თითოეული კუთხე იდეალურად გამოიყურება. თქვენი შესაძლებლობები უსაზღვრო არაა, ამიტომ დამატებით ვალდებულებებს ნუ აიღებთ და დატვირთვა გონივრულად გაანაწილეთ. ერიდეთ ენერგეტიკულ ვამპირებს, რომლებიც სასიცოცხლო ძალებს გაცლიან. ნუ დაივიწყებთ დიეტას, განსაკუთრებით თუ შვებულების დროს რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი მოიმატეთ. გირჩევთ ფინანსური პრობლემები ცოტა ხნით დაივიწყოთ და საკუთარ თავს მოდუნების საშუალება მისცეთ.
თხის რქა
ამ დღეს საყვარელი ადამიანი ყურადღებითა და ზრუნვით გაგანებივრებთ. ოჯახში ფინანსების განაწილებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გარდაუვალია, თუმცა მშვიდობიანი გამოსავლის პოვნა უნდა შეძლოთ. თქვენი ფინანსური კეთილდღეობა კარიერულ წწინსვლაზეა დამოკიდებული, ამიტომ პროფესიულ განვითარებაზე უნდა იზრუნოთ. ამ დღეს ცდუნებას უნდა შეებრძოლოთ, რადგან მან შეიძლება მოულოდნელი პრობლემები შეგიქმნათ. თქვენი კომუნიკაბელურობა იზრდება, რაც საჭირო კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. საღამო გულახდილი საუბრებისთვის იდეალური დროა. ეცადეთ იმუნიტეტი გააძლიეროთ და ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ — ახლა რესპირატორული ინფექციის შეყრის მაღალი რისკია.
მერწყული
გრძნობამ, რომელსაც ახლა განიცდით, შესაძლოა რეალობის შეგრძნება დაგაკარგვინოთ, ეს კი საკმაოდ სახიფათოა. ამ დღეს ოჯახში შესაძლოა მცირე დაძაბულობამ თავი იჩინოს, თუმცა ეს ღია და გულახდილი საუბრისთვის მშვენიერი მიზეზია. ემოციების გამოხატვის ნუ შეგეშინდებათ საკუთარი, თუმცა ახლობლების აზრსაც პატივი ეცით. უარი თქვით დაგეგმილ საქმეზე, განსაკუთრებით თუ ის მგზავრობას უკავშირდება — ჰოროსკოპი გვიჩვენებს, რომ გზაში დაბრკოლებები გელოდებათ. სამსახურსა და ბიზნესში გადაწყვეტილებების მიღებისას ფრთხილად იყავით; თუ აჩქარდებით, შესაძლოა სერიოზული შეცდომა დაუშვათ. ჯანმრთელობა განსაკუთრებულ საზრუნავს არ გაგიჩენთ, თუმცა ასტროლოგები მაინც გირჩევენ, საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს მეტისმეტად არ ენდოთ.
თევზები
ამ დღის წარმატებული დასასრული მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, აჰყვება თუ არა საყვარელი ადამიანი თქვენს განწყობას და გახდება თუ არა თქვენი თანამგზავრი. ნუ გადადებთ საქმეებს ხვალისთვის: როგორც კი რაიმე პრობლემას ან ამოცანას შეამჩნევთ, მაშინვე მის მოგვარებას შეუდექით — ეს საყოფაცხოვრებო საქმეების დაგროვებას თავიდან აგაცილებთ. მოულოდნელმა წარუმატებლობამ შეიძლება კოლეგებთან ან უფროსთან ურთიერთობა საგრძნობლად გაართულოს. გამორიცხული არ არის, რომ გავლენიან ადამიანს შეხვდეთ, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. თავი შეიკავეთ ხალხმრავალ შეკრებებზე ყოფნისგან — ენერგეტიკული მარაგი შემცირებულია და ძალიან სწრაფად დაიღლებით.
Journalist
Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



