“კონტროლიორებმა არასრულწლოვანი შვილი დამიშინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს” – რა მოხდა ავტობუსის გაჩერებაზე, რამაც საზოგადოების გულისწყრომა გამოიწვია?
მერიის ინსპექციის სამმა თანამშრომელმა, მშობლის ცნობით, 17 წლის მოზარდი ალყაში მოიქცია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და წასვლის საშუალებასაც აძლევდნენ. შემთხვევა გუშინ, 16:30 საათზე, გორის სტადიონის წინ მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. როგორც დედა ამბობს, შვილი ახლახან გახდა 17 წლის.
მოზარდი ერთი ავტობუსიდან მეორეში გადაჯდა და მგზავრობის დაფიქსირება დაავიწყდა. ამის გამო მას სამი კონტროლიორი ერთდროულად მიადგა. რადგან ბავშვს პირადი ნომერი არ ახსოვდა, დედის განცხადებით, კონტროლიორებმა ის დააშინეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, გარს შემოერტყნენ და წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
დედის თქმით, კონტროლიორები საპატრულო პოლიციის გამოძახებით დაემუქრნენ და დაახლოებით ხუთ წუთში მართლაც გამოიძახეს პატრული. მას შემდეგ, რაც ბავშვის არასრულწლოვანება დაადგინეს და გაირკვა, რომ ჯარიმა არ დაეკისრებოდა, მოზარდი გაუშვეს.
,,პატრულის მოსვლის შემდეგაც კი კონტროლიორებს მისი შვილისთვის ბოდიში არ მოუხდიათ” – განაცხადა მოზარდის მშობელმა.
მშობლის მონაყოლის მიხედვით, მომხდარის შედეგად ბავშვმა ძლიერი სტრესი განიცადა, ნერვიულობდა და ტიროდა. ის აბიტურიენტია და ისედაც დაძაბული პერიოდი აქვს.
დედა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი პრეტენზია 20-ლარიან ჯარიმას კი არა, არასრულწლოვანთან მოპყრობის ფორმას ეხება. მისი თქმით, სამართლებრივი ბრძოლისთვის არც დრო აქვს და არც ენერგია, თუმცა სურს, რომ შესაბამისმა უწყებებმა მომხდარს სათანადო ყურადღება მიაქციონ.
,,არაფერი გაგვიგია, ჩვენამდე არ მოსულა ინფორმაცია” – განუცხადეს “ქართლის ამბებს” გორის მერიის ინსპექციაში, როდესაც გამოცემა მათ დაუკავშირდა იმის გასარკვევად, დაიწყებოდა თუ არა ადმინისტრაციული წარმოება სამი კონტროლიორის მიმართ.
წყარო: “ქართლის ამბები”
Journalist
Newstime-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



